ქართული ხალხური სიმღერის სიყვარული იყო მთავარი მიზეზი 1987 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტთა ერთი ჯგუფის გაერთიანებისა, რომლის მიზანსაც ხალხური მუსიკალური კულტურის საყოველთაოდ აღიარებულ შედევრებთან ერთად, ნაკლებად ცნობილი და დავიწყებული სიმღერების შესწავლა წარმოადგენდა. მალხაზ ერქვანიძე, დავით ზათიაშვილი, გურამ გაგოშიძე, რეზო კიკნაძე, დავით შუღლიაშვილი - ამ ხუთეულით დაიწყო ჯგუფმა არსებობა, რომელსაც სულ მალე კიდევ სამი წევრი შემოუერთდა: განათლებით მათემატიკოსი და პროგრამისტი, ზაალ წერეთელი და კონსერვატორიის სტუდენტები: თემურ იმნაძე და ალექსანდრე ხახიშვილი.
ახალგაზრდა მომღერლებისთვის სიმღერების შესწავლაში, რეპერტუარის შერჩევაში იმთავითვე მთავარი ადგილი ეკავა ძველი სახალხო მომღერლების აუდიო ჩანაწერებს, რომელთა შორის მრავალი ისეთი სიმღერის მოძიება შეიძლებოდა, რომელსაც არცერთი ანსამბლი არ ასრულებდა იმ დროს. გუნდის რეპერტუარში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ცნობილი ხალხური მომღერლის, სამტრედიაში, სოფელ კულაშში მცხოვრები, ბენია მიქაძისა და მისი ანსამბლის, "სანავარდოს" სიმღერებმა. ამის მიზეზი ბენია მიქაძისა და ახლგაზრდათა ჯგუფის ლიდერის, მალხაზ ერქვანიძის კავშირი გახლდათ.
სიმღერების შესწავლის პარალელურად, ჯგუფში სულ მალე გაჩნდა სურვილი და ინტერესი ძველი, დავიწყებული, ტრადიციული, მრავალხმიანი ქართული საეკლესიო გალობის შესწავლისა, რისი შესაძლებლობაც კონსერვატორიის ფოლკლორის კათედრაზე არსებული, XIX საუკუნის ბოლოს გამოცემული ქართული გალობის რამდენიმე სანოტო კრებულის გაცნობით მიეცათ. სწორედ ამ კრებულებიდან შეისწავლა სტუდენტთა ამ (ჯერ კიდევ სახელდაურქმეველმა) ჯგუფმა სააღდგომო საგალობლები. მალე მათ მიეცათ საშუალება, რომ ტაძარში, ღვთისმსახურებაზე ეგალობათ ისინი: 1988 წლის 10 აპრილს (ძვ. სტ. 28 მარტს) პასექის დღესასწაულზე გუნდი ამისთვის სპეციალურად ჩავიდაბეთანიის მონასტერში. ღვთისმსახუ- რებაში მათი დებიუტის მიუხედავად, ტაძარში საოცარი განწყობა სუფევდა. ყველა მონუსხული იყო რაღაც ყურისთვის უცხო, მაგრამ გულისთვის ახლობელი, წინაპართაგან დანატოვარი, ღვთის სადიდებული ჰანგებით. ის აღდგომის დღე შეიძლება ჩაითვალოს საუკუნე- მივიწყებული ქართული ტრადიციული საეკლესიო გალობის ქართულ ღვთისმსახურებაში დაბრუნების დასაწყისად.
აღდგომის დღესასწაულიდან ერთ კვირაში ახლგაზრდათა რვაკაციან ჯგუფს თავისთან იწვევს უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოსკათალიკოს-პატრიარქი ილია II. პირველი საგალობელი, რომელიც მწყემსმთავრის წინაშე შესრულდა შემოქმედის სკოლის "ქრისტე აღსდგა" გახლდათ. სულთმოფენობა ახლოვდებოდა. სადღესასწაულოდ იგეგმებოდა თბილისის უძველესი ანჩისხატის ტაძრის ხელახალი კურთხევა და ამოქმედება. სწორედ ამ შეხვედრაზე გადაწყდა:ანჩისხატის ტაძრის მგალობლებად ეს ახალგაზრდა ჯგუფი უნდა დადგენილიყო. მას აქეთ ამ ჯგუფს ანჩისხატის გუნდის ან ანჩისხატელების სახელით იხსენიებენ.
საბჭოთა ათეისტური ცენზურის გამო, თაობათა მიერ ყურადღების მიღმა დარჩენილი, უძველესი ტრადიციის მატარებელი, ათასობით საგალობლის სანოტო ხელნაწერების შესწავლით იწყება ქართული საეკლესიო გალობის აღდგენა-აღორძინების საქმე, რისი მოთავე სწორედ ანჩისხატის გუნდია. ეს ინიციატივა პირველ ნაბიჯზევე მხარდაჭრილი იყო როგორც საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობლის მიერ, ისე თვით ახლადამოქმედებული ანჩისხატის ტაძრის სამღვდელოების მხრივ, რამაც დიდად განაპირობა ამ წამოწყების წარმატება.
არცთუ დიდ დროში, გუნდმა, და რაც მთავრია, თვით ძველმა, ყურისთვის უცხო და დავიწყებულმა ქართულმა გალობამ მრევლში დიდი სიყვარული და პოპულარობა მოიპოვა. ეს, ერთის მხრივ, გუნდის არაერთი მიმდევრის გამოჩენაში, ხოლო, მეორეს მხრივ, მისი ახალი წევრებით შევსება-გამდიდრებაშიც გამოიხატა. მათ შორის იყვნენ ქართულ სიმღერა გალობაში შეყვარებული სხვადასხვა პროფესიის ახალგაზრდები: ვასილ ცეცხლაძე (მუსიკოსი), მამუკა კიკნაძე (არქიტექტორი), გრიგოლ ბულია (სასულიერო სემინარიის სტუდენტი). ტრადიციულმა ქართულმა გალობამ მთელს საქართველოში დაიწყო გავრცელება, რასაც ანჩისხატის გუნდის სხვადასხვა კუთხეში პერიოდულმა ჩასვლებმაც შეუწყო ხელი. ამ დროისათვის ანჩისხატის გუნდმა გამოსცა პირველი გრამფირფიტა სახელწოდებით "აღდგომასა შენსა” (1991) რომელშიც ქართული გალობის სხვადასხვა სკოლის სააღდგომო საგალობლებია ჩაწერილი.
ანჩისხატის გუნდმა თავისი მოღვაწეობის ახალი ეტაპი ახალგაზრდა მეგობართა ჯგუფის შემოერთების შემდეგ დაიწყო: გოჩა გიორგაძე (ხატმწერი), დავით მეგრელიძე (არქიტექტორი), ლევან ვეშაპიძე (ეთნომუსიკოლოგი), გოჩა ბალავაძე (მხატვარი), ნიკოლოზ ბერიაშვილი (გეოგრაფი). გუნდის ხელმძღვანელის, მალხაზ ერქვანიძის ეს ინიციატივა, ქართული ხალხური სიმღერების რეპერტუარის უფრო სრულად მოცვისა და მისი მრავალფეროვნების სრულყოფილად წარმოჩენის სურვილით იყო ნაკარნახევი. სწორედ თორმეტკაციანი შემადგენლობით შეძლო გუნდმა აღედგინა და შეესწავლა დავიწყებას მიცემული ან სხვა გუნდების ყურადღების მიღმა დარჩენილი ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების არაერთი შედევრი. მათ შორის შეგვიძლია დავასახელოთ: "დუცხუნის ნადური", "იმერული საჩონგუროები", ხუხუნაიშვილების "ხასანბეგურა", აგრეთვე, ქალაქური სიმღერები "გვიმღერია", "გაზაფხული", და სხვა მრავალი.
ანჩისხატის გუნდის მიერ ხალხური სიმღერის შესწავლისას დიდი ყურადღება ეთმობა მისი შესრულების ტრადიციული მანერის, ბგერწყობისა და ინტონირების ავთენტურობის დაცვას. სწორედ ეს ფაქტორი გამოარჩევს ანჩისხატელების ნამღერს სხვა გუნდების საშემსრულებლო სტილისგან. უნდა ითქვას, რომ ამ თვალსაზრისით, გარკვეული მაგალითი ანჩისხატის გუნდისთვის უკვე არსებობდა, ედიშერ გარაყანიძის ანსამბლ "მთიების" სახით, რომელიც ხალხური სიმღერის ავთენტურ, სოფლურ მანერაში მღერის სცენაზე დამკვიდრების მოთავეა. ეს უდავოდ ბიძგის მიმცემი ფაქტორი იყო ანჩისხატელებისთვის. ამავე დროს, შეიძლება ითქვას, რომ ამ გზაზე ანჩისხატის გუნდმა მეტად მნიშვნელოვანი ფუნქცია შეასრულა მრავალი ახალი ანსამბლის ჩამოყალიბებასა და მათი საშემსრულებლო მანერის განსაზღვრაში.
1993 წელს გუნდი პირველად გადის საზღვარგარეთ – საბერძნეთში. ეს მოგზაურობა განსაკუთრებულად ახსენდებათ ანჩისხატელებს. მათ ჩაატარეს რამოდენიმე კონცერტი და მონაწილეობა მიიღეს ათენის საკათედრო ტაძარში აღვლენილ საახალწლო წირვაში. აქედან იწყება გუნდის რეგულარული მოგზაურობანი საზღვარგარეთის ქვეყნებში: გერმანია, ავსტრია, საფრანგეთი, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ, კანადა, იტალია, შვეიცარია, რუსეთი, უკრაინა, სომხეთი, ლატვია, შვედეთი, ლიხტენშტაინი. ასეთია ანჩისხატის გუნდის საკონცერტო ტურნეების გეოგრაფია. კონცერტზე მოსული მსმენელი ყოველთვის აღფრთოვანებული რჩებოდა მოსმენილით. ქართული სიმღერა-საგალობლის მადლი დღეს უკვე მრავალმა უცხოელმა იგრძნო და გაითავისა და ამაში ანჩისხატის გუნდს, სხვა ქართულ გუნდებთან ერთად, თავისი მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის.
გუნდის პირველი კომპაქტ დისკი კანადურმა ფირმამ Deep Down Productions-მა გამოსცა. ამის შემდეგ კიდევ მრავალი კომპაქტი გამოიცა და ამჟამად ანჩისხატის გუნდი ათზე მეტ საავტორო დისკს ითვლის.
ცალკე აღნიშვნის ღირსია სანოტო კრებულები, რომლებიც ანჩისხატის გუნდის წევრების მიერ იქნა გამოცემული. მალხაზ ერქვანიძემ რედაქცია გაუკეთა ასეულობით საგალობელს და გამოსცა ქართული საგალობლების ხუთტომეული. ამჟამად, ეს კრებულები წარმოადგენს გალობის ძირითად სახელმძღვანელოს როგორც დამწყები, ისე პროფესიონალი მგალობლებისა თუ მგალობელთა გუნდებისათვის. დავით შუღლიაშვილის მიერ გამოცემული შემოქმედის სკოლის საგალობლების კრებული, ასევე წარმოადგენს გალობის სახელმძღვანელოს და მას სრულიად განსაკუთრებული ადგილი უკავია. ლევან ვეშაპიძემ გაშიფრა და ნოტებზე გადაიტანა ათობით გურული სიმღერა და საუკეთესო წიგნი აჩუქა გურული სიმღერის მოყვარულ ქართველ თუ უცხოელ მომღერალს.